მოუსმინე ბავშვების ისტორიებს

უყიდე სადილი

10 ლარით, თავშესაფარში, გემრიელი და ჯანსაღი საუზმით, სადილით და ვახშმით გავუმასპინძლდებით ნინის.

უყიდე ტანსაცმელი

50 ლარით გიორგის ეცმევა სეზონისთვის შესაფერისი ლამაზი ფეხსაცმელი, ან ტანსაცმელი.

მხარი დაუჭირე მის განათლებას

100 ლარით სანდროს დაეხმარებით სასკოლო-საკანცელარიო ნივთების შეძენაში. დაუფინანსებთ პროფესიულ კურსს, ან კერძო რეპეტიტორს.

გახდი დისტანციური აღმზრდელი

200, ან მეტი ლარის შემთხვევაში, თქვენ ხდებით მზრუნველობამოკლებული ბავშვის მხარდამჭერი. თანხა მოხმარდება ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მის განვითარებაზე ზრუნვას.

ვინ ვართ ჩვენ

#ემეგობრე არის საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის სოციალურ ცვლილებებზე მიმართული საკომუნიკაციო კამპანია.

ჩვენი მიზანია ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა, ბავშვების რეალური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

როგორ მოვიქცეთ?

უნდა მივცეთ თუ არა მიუსაფარ ბავშვს ფული ქუჩაში? - არა. ფულს, რომელსაც ქუჩაში ბავშვები შემოსავლის სახით იღებენ, არამიზნობრივად იხარჯება. ხშირ შემთხვევაში ყიდულობენ მავნე ნივთიერებებს, მაგალითად სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებს. ასევე ისინი შეიძლება გახდნენ შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლნი. იმისთვის რომ არ შეუწყოთ ხელი დანაშაულს და შეამციროთ ბავშვთა შრომითი ექსპლოატაცია, გთხოვთ ფულის ნაცვლად შესთავაზოთ ბავშვს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი - თქვენი დრო და ყურადღება.

თუ გვსურს დახმარება, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

1. გავუღიმოთ, გავიგოთ მისი სახელი, ინტერესი, ან მისი საყვარელი საქმიანობა.
2. მივცეთ საკვები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფული საკვებისთვის.
3. გაგებით და მოთმინებით მოვეკიდოთ მის ქცევას. გვახსოვდეს, რომ თოთოეულ მათგანს აქვს მიზეზი გიყუროთ უნდობლად, ან აგრესიულად. მიეცით შანსი გახდეს თქვენი მეგობარი.
4. დაუჭირეთ მხარი საქართველოს კარიტასს, რომელიც ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებს ეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაში.

მაშ!ო

დოკუმენტური ფილმი მაშ!ო შეიქმნა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC“-ისა და საქართველოს კარიტასის ერთობლივი პროექტით სოციალური კამპანია #ემეგობრე-ს ფარგლებში.

მთავარი გმირი, 19 წლის მაშო, ყვება გზას ქუჩიდან ცენტრამდე.

ღონისძიებები

საზოგადოების ინფორმირებულობაზე მიმართული აქციები

დათუნიების აქცია

#ემეგობრეს ფარგლებში პერიოდულად ეწყობა „დათუნიების აქციები“. დათუნია არის ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვის სიმბოლო, რომელთაც სჭირდებათ თამაში და არა ხურდა ფული. ყვითელი ლენტი, სწორედ იმ უხილავ სტიგმებსა და ბარიერებს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებასა და ბავშვს შორის დგას.

სოლიდარობის ჯაჭვი

ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად ჩვენმა გუნდმა მოხალისეებთან და გამვლელებთან ერთად შექმნეს სოლიდარობის ჯაჭვი.

ჯაჭვი არის ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების პრობლემის მოგვარება საჭიროებს სოლიდარობას და ბევრი ადამიანის ჩართვას, მათ შორის ბავშვების, ახალგაზრდების, სახელმწიფო სტრუქტურების, პოლიტიკოსებისა და სხვა საზოგადოების აქტიური წევრების. პირსახვევი გამოხატავს ბავშვების წართმეულ ხმებს. ხშირად ისინი ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, სწორედ ამიტომ საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ გამოხატოს სოლიდარობა, დაუჭიროს მათ მხარი და ემეგობროს.

გაიცანი და ემეგობრე

რა იცით ბავშვებზე, რომლებსაც ყოველ დღე ვხვდებით ქუჩაში?
რომლებიც ფულს გვთხოვენ "დასახმარებლად"?
რომელთაც ხშირად თვალს ვარიდებთ?

ისინი არიან ადამიანები სახეების გარეშე. განსაკუთრებულები, საინტერესოები, მხიარულები, მზრუნველები, ცელქები. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ისინი იმსახურებენ ბავშვობას.

სოციალური ფოტო გამოფენა "გაიცანი და ემეგობრე", ბავშვების თვალებით და ხმებით გადმოგვცემს ისტორიებს. ისინი იმსახურებენ შენს ყურადღებას. გამოფენის მიზანი სოციალური ბარიერების დანგრევაა, რომელიც ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის არსებობს.

გრაფიტი

სოციალური კამპანია #ემეგობრეს მხარდამჭერი მესიჯებით ვალამაზებთ კედლებს თბილისსა და რუსთავში.

ჩვენი ნახატებით გვსურს კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო გულისხმიერები, მოუსმინონ ბავშვების ისტორიებს და გაუწოდონ დახმარების ხელი, ფულის ნაცვლად.

მობილური სკოლა

„მობილური სკოლა“ არის საკლასო დაფა ბორბლებზე, რომელიც ბავშვებთან თავად მიდის. სკოლა იშლება 6 მეტრზე და მოიცავს 300-ზე მეტ შემეცნებით სახალისო თამაშს. ჩვენი გუნდის წევრები სკოლის მეშვეობით ქუჩაში აღმოაჩენენ ბავშვების გასაოცარ უნარებს და ეხმარებიან მათ განვითარებაში.